E. Pesov
მაშინ, როდესაც მსოფლიო მოდის ინდუსტრია ყალიბდებოდა და მისი ისტორია იწერებოდა, საქართველო იმ სამყაროს ნაწილი იყო, სადაც ინდივიდუალიზმი - მთავარი ღირებულება, რომელიც მოდას ქმნის - არ არსებობდა. ტანსაცმელი პირველადი საჭიროებისთვის იქმნებოდა და ამავე კატეგორიაში რჩებოდა. საბჭოთა კავშირის ფილოსოფია, ჩაკეტილი საზღვრებითა და ტოტალიტარული მართვის სისტემით, თავიდანვე გამორიცხავდა მოდის, როგორც ხელოვნების დარგის, არსებობას. ბუნებრივია, საქართველოც მოდის დაბადების არათუ მონაწილე, არამედ დამკვირვებელიც კი არ იყო. ახლადმოპოვებული დამოუკიდებლობის პირობებში, პატარა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს არცთუ ისე სახარბიელო გეოპოლოტიკური, სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება ხელსაყრელ გარემოს ქმნიდა, მოდა აღქმულიყო, როგორც არასერიოზული, ზედაპირული და, ამავდროულად, მიუწვდომელი, შეიძლება ითქვას, არასაჭირო ფენომენიც კი, თუმცა, დამოუკიდებელი ქვეყნის დამოუკიდებელი მოქალაქის აზროვნება და რესურსი ბუნებრივად მიმართულია იმისკენ, რომ რაღაც შექმნას, ეძებოს ახალი გზები, ილაპარაკოს ან თუნდაც იხმაუროს, ყურადღება მიიქციოს და დაიწყოს ბრძოლა თავის დასამკვიდრებლად. ამ ბრძოლაში კი ხელოვნების ყველა დარგის, მათ შორის მოდის ადგილიცაა. ბუნებრივად დაიბადა ქართული მოდა. მან მალევე მოახერხა, გამხდარიყო მსოფლიო მოდის ინდუსტრიისა და ბიზნესის ნაწილი.
პარადოქსია , რომ სადავო კითხვა - მოდა უფრო ხელოვნებაა თუ ბიზნესი - დღეს ჩვენთნ, ალბათ, ყველაზე აქტუალურია. თუ ხელოვნების სხვა დარგებს აქვთ საშუალება, ადგილობრივი ამინდი შექმნან, მაგალითად, ჯერ არსებობს ქართული თეატრი ქართველი აუდიტორიისთიუს, ქართული კინო, ფოტოგრაფია და ა.შ., ქართული მოდის შემთხვევაში ეს გამორიცხულია, რადგან მოდის ინდუსტრია მასში ჩაბმული, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისთვის, თავიდანვე მოითხოვს არა ადგილობრივ, არამედ გლობალურ აუდიტორიასა და ბაზარზე მუშაობას; იმთავითვე აქცევს სისტემის ნაწილად, სადაც უამრავი მოთხოვნა და ჩარჩოა. სამწუხაროდ, მხოლოდ ეს სისტემა არის გარანტი, რომ მოდა გააგრძელებს არსებობას.
ქართული მოდა ახლა სწორედ იმ ეტაპზეა, როცა ის მთლიანად მოცულია კომერციალიზაციის მოთხოვნილებით, გაუცნობიერებელი მოტივაციით, რომ ის, თითქოს, გაახანგრძლივებს მის სიცოცხლისუნარიანობას. ნაწილობრივ, ეს მართლაც ასეა, რადგან მოდა, როგორც ბიზნესი, უზრუნველყოფს მოდას, როგორც ხელოვნებას და პირიქით.
როცა ქართული მოდა მსოფლიო მოდის სამყაროში თავს იმკვიდრებდა, მისი საშვი სწორედ ახალგაზრდა, კრეატიული და ნიჭიერი ხელოვანი თაობა იყო, თუმცა ეს გარდამავალი პერიოდი იმდენად ხანმოკლე აღმოჩნდა, რომ ვერ შეიქმნა ის რეალური ფენომენი, რომელსაც ქართულ მოდას ვუწოდებდით. მალევე, იგი მსოფლიო მოდის ბაზარმა შთანთქა და რიგით მოთამაშედ აქცია.
ადგილობრივ დონეზეც კი სისტემა იმდენად აქტიურია თავისი მოთხოვნებით (რაც დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს), რომ ადგილი აღარ რჩება იმ ინდივიდებისთვის, ვისთვისაც ტრადიციული ფორმებით მოდის შექმნა შეუძლებელ ამოცანადაა ქცეული. თითქოს, კომერციულ მხარეზე ორიენტირებამ ამ ეტაპზე მთლიანად მოიცვა ადგილობრივი მოდის ინდუსტრია. მოდის შექმნის პროცესი და მისი ყოველი შემადგენელი ნაწილი საბოლოო კომერციული შედეგის გათვალისწინებით იწყება. ამ დროში მკაცრად გაწერილ პროცესებში კი იკარგება მოდის, როგორც ხელოვნების ღირებულება, ქრება თავისუფლება და ენთუზიაზმი, მოდა ხდება ტანსაცმლის საწარმო და ქრება, როგორც სალაპარაკო ენა. ნათელია, რომ საქართველოში მოდა დაიბადა, როგორც ხელოვნება, მაგრამ ვითარდება, როგორც ბიზნესი, და ეს პროცესი შეუქცევადია.
A. Mamasakhlisi
Jamproject-ი თავის მისიად თვლის, რომ დარჩეს ქართული მოდის, როგორც მზარდი და მდგრადი ეკონომიკური პოტენციალის მქონე ინდუსტრიის, მხარდამჭერად და, ამავდროულად, ამ შეუქცევად პროცესში შექმნას ერთგვარი ბარიერები ქართული მოდის სრული კომერციალიზაციის წინააღმდეგ, სადაც ყოველი ნაბიჯით დააფიქსირებს, რომ მოდა ხელოვნების სრულფასოვანი ნაწილია
ჩვენი მიზანია, გავიხსენოთ და გავააქტიუროთ ყველა ის წერტილი, სადაც მოდა კვეთს ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებას. ამ ეტაპზე განსაკუთრებულად საინტერესოა კინემატოგრაფიისა და მოდის კავშირი და კონკრეტულად Fashion film-ის , როგორც ამ ორის გადაკვეთის წერტილი. მით უფრო, რომ დღეს გლობალურ ელექტრონულ სივრცეში, შექმნილი ვითარების გამო კიდევ უფრო გაციფრულებულ რეალობაში, მოდის, როგორც ხელოვნების ხელმისაწვდომობა, სწორედ ასეთ მედიუმებზე გადის. ფაქტია ისიც, რომ მოდას უფრო მრავალრიცხოვანი აუდიტორია ჰყავს, ვიდრე - მომხმარებელი, რაც თავისთავად მიანიშნებს, რომ აიტერესებთ უფრო მეტი, ვიდრე ტანსაცმელი. მსოფლიო ბრენდების სარეკლამო კამპანიები და აქციები სწორედ ამ მიდგომით ხორციელდება. ბრენდისთვის Fashionfilm ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია მისი ფილოსოფიის შექმნაში. სწორედ თანამედროვე მსოფლიო მოდის ინდუსტრიის ანალიზი გვაძლევს საშუალებას, დავინახოთ Fashionfilm-ი, როგორც სრულფასოვანი მიმართულება და მისი ჩამოყალიბების აუცილებლობა ქართულ მოდაში, რათა ის გახდეს უფრო თავისუფალი, კრეატიული და მეტყველი.
Fashionfilm-ის მიმართულება საქართველოში მოდასთან ერთად გაჩნდა, თუმცა, არ განვითარებულა. ნამუშევრები მალევე კარგავდნენ აქტუალურობას, რადგან მათი შექმნის მოტივაცია მაშინდელი ქართული მოდის მიმართ ინტერესის პროპორციული იყო. აუდიტორიის სიმცირე მოთხოვნაზეც აისახებოდა და პროდუქტის ხარისხზეც. პერიოდულად იქმნებოდა ნამუშევრები, თუმცა, იმდენად გაფანტული და თითქოს, იმპულსური იყო, რომ არ იკვრებოდა ერთიანი მიმართულება -fashionfilm-ის ფენომენი, რომელიც ქართული მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი კომპონენტი გახდებოდა. ვფიქრობთ, დღეს ბაზრის მზარდი მოთხოვნის პირობებში, ქართული მოდის ძლიერ ინდუსტრიად ჩამოყალიბების პროცესში, fashionfilm-ის, როგორც ამ ინდუსტრიის ხარისხისა და წარმატების ერთ-ერთი კომპონენტისა და საზომის გაჩენის აუცილებლობაა, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს, მოდის ბიზნესის განვითარებას და, ამასთან, მისი შემოქმედებითი ღირებულების ხაზგასმასა და დაფიქსირებას.
E. Pesov
თბილისის საერთაშორისო მოდის კინოფესტივალი ქმნის მოტივაციას fashion film-ის მიმართულებად ჩამოყალიბების პროცესში, რადგან ის გულისხმობს დიდ პლატფორმას ინდუსტრიაში მოღვაწე სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისათვის. Fashion film-ი, როგორც მედიუმი, იძლევა თვითგამოხატვის მრავალფეროვან საშუალებებს და უზრუნველყოფს აზროვნებისა და ხედვის დამოუკიდებლობას.
ფესტივალის ფორმატი, ასევე, გულისხმობს იმ ნამუშევრების განხილვასა და გადახედვას, რაც 2000-იანი წლებიდან მოყოლებული იქმნებოდა ქართულ სივრცეში და fashionfilm-ად კლასიფიცირდებოდა. პლატფორმა მსჯელობს fashionfilm-ის მჭიდრო კავშირისა და ძალიან ბუნდოვან საზღვრებზე კინოს სხვადასხვა ჟანრებთან და წარმოაჩენს კინოსა და მოდის, როგორც კოლაბორაციული ხელოვნების მნიშვნელობას, ასევე, სწავლობს კინოსა და მოდის ურთიერთდამოკიდებულებას დროის ჭრილში.
პლატფორმის კვლევის ერთ-ერთი მთავარი საგანი არის მოდის, კინემატოგრაფიისა და Fashion film-ის, როგორც მიმართულების, დაბადების თარიღებს შორის აცდენა და ამ შულედებში შექმნილი ვიდეომასალების განხილვა იმ კრიტერიუმებითა და კომპონენტებით, რაც დღეს Fashion film-ს ქმნის.
G. Kavlelishvili